Shota Nishnianidze

მე ვარ მისანი ხარი წიქარა…

მე ვარ მისანი ხარი წიქარა,

შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,

ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,

რომ გემსახურო და გიერთგულო.

შენი უღელი მემჩატოს აგრემც,

ქედზე რო მადგას განაჩენივით.

არ მომიღერო გეთაყვა სახრე,

სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.

და თუ გქონია რამე ტკივილი

ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, _

ამილოკია ქვამარილივით

და ხარის ცრემლით დამიტირია.

რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან

ქედგახეხილი, გადატყაული…

ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა

არაფერი მაქვს დანაშაული.

და როცა მიწას მივებარები,

ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, _

შენზე დამრჩება ისევ თვალები

ანგელოსების ამოკოცნილი.

 

***

იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა…

გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,

თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.

ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა

და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,

მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო…

ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,

თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.

იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც…

თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.

ერთი გოგო მომეწონა – ირმის ჯოგს წველიდა მთაში,

თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.

კოლხის ქალი მყავდა ძიძად – ამორძალი ენამწარე,

ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,

დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს,

ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.

გზაზე ბერი გადამიდგა… შემომცინა „გიხაროდენ“.

– წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.

. . .

– ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,

ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი.

ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი… ოქროს ხიდი…

 

გოგებაშვილის “დედა ენა”

– ეს წიგნი ერის ბურჯია! – ხარობენ მამა-პაპანი,

ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

 

მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით

და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.

 

პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა და,

რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.

 

მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში,

თუ „დედა ენას“ მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,

 

თითს გააყოლებს ასოებს:

ვაზის ლერწს,

ნამგალს,

ნიამორს,

ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.

 

იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,

ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

 

ზედაზენი

აქ ისეთი სიჩუმეა, ღვთის ისეთი წყალობანი,

არ იქნება არ მოგესმას ანგელოსთა გალობანი,

იმოსება მთა და ბარი ღვთაებრივი მზეთამზითა,

ღვთისმშობელი თავის საწმყსოს გადასცქერის ზედაზნიდან,

მე ვარ ბერი

მგალობელი,

მარტო ლოცვა, მარტო სული,

წამებული წმინდანი ვარ, ფრესკიდან ვარ გადმოსული.

მეძალება,

მეუფლება, მხოლოდ რწმენა, მხოლოდ შიში

ცათა გახსნის,

ცათა გახსნის,

ცათა გახსნის მოლოდინში.