Vazha-Pshavela

გულს

გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!

ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, _
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

სად არის ქრისტე,ან მისი სწავლა?

რა ყოფაში ვარ? რა მემართება?
ლამის გავგიჟდე, გავმხეცდე მთლადა.
ადამიანის ხორცსა ვჭამ პურად,
ადამიანის სისხლსა ვსვამ წყლადა,
მილიონობით დღეში არ მყოფნის,
ადამიანის მე მქვიან მადა.
რო მეჯავრება ჩემივე თავი,
ვერ გარდავიქმენ მაინც კი სხვადა.
როგორ მოტყუვდა ნაზარეველი,
ძმობა-ერთობის გეგმას რომ სთხზავდა!
შესაძლოდ სცნობდა საყოველთაოდ
ასეთ სიყვარულს, რადგან თვით სწამდა
ქრისტეობა და მის სწავლის ცოდნა.
როგორ ვსტყუვდებით, საიდან-სადა?
შორსა ყოფილა ერთმანერთზედა,
ძალიან გვიან გამოგვეცხადა.
ამ მოძღვრებისთვის ჯვარზე გაეკრა:
თავის სწავლასა დიდ ხედა ჰრგავდა,
როგორ ეწვალა, როგორ ეცადა,
რომ არ ჰყოლიყო კაცი კაცს მგლადა.
მიჩვენეთ ერთი ამის ნაყოფი
იგემეთ ვინა, როდის ან სადა?
როდი-ღა უნდა ადამიანმა
ადამიანი იწამოს ძმადა?!